რთველი 2017
Header Image Promo

კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 32 მლნ ლარს გადააჭარბა

რთველი-2017-ის პროცესში, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ ლარს მიაღწია.

14 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 29,7 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 14,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,2 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 157 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 79. 

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 11,2  ათასი ტონა, სიღნაღი - 6 ათასი ტონა, თელავი - 3,8 ათასი ტონა, გურჯაანი - 4,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ახმეტა -  820 ტონა, ლაგოდეხი - 866 ტონა და საგარეჯო -  396 ტონა.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

 

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა