რთველი 2017
Header Image Promo

ღვინის საწარმოები მზად არის შეუფერხებლად გადაამუშაოს სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი

კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიები მზად არის მოსახლეობისგან შეუფერხებლად მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, რთველი-2017-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.

„სეტყვამ კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სოფლის ვენახები. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის საწარმოები მზად არის მევენახეებისგან მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. რთველის პროცესი გრძელდება შეუფერხებლად და მთლიანობაში 77 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მთელი ღამის მანძილზე ადგილზე ეცნობოდნენ დაზიანებულ ვენახებში არსებულ სუტუაციას.

11 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, ყვარელში - მთისძირი, ლაგოდეხში სოფლები არეშფერონი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, ცოდნისკარი, გიორგეთი, ასევე ქალაქ ახმეტის კუთვნილი ვენახები.

12 სექტემბრის 11.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,7 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 21,7 მლნ ლარი მიიღეს.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 3,1 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 142 ღვინის კომპანია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 8,1  ათასი ტონა, სიღნაღი - 4,7 ათასი ტონა, თელავი - 2,9 ათასი ტონა, გურჯაანი - 2,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა, ახმეტა -  667 ტონა, ლაგოდეხი - 407 ტონა და საგარეჯო -  256 ტონა.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 8,4 ათასი ტონა რქაწითელი, 10,8 ათასი ტონა საფერავი, 961 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის  გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა